თამარ ჭაბაშვილი

 მულტიმედია

 

 

 

ბიოგრაფია

ვიზუალური ხელოვანი თამარ ჭაბაშვილი დაიბადა 1978 წელს საქართველოში. ამჟამად, მოღვაწეობს ამსტერდამსა და თბილისში. მისი სახელოვნებო პრაქტიკა მოიცავს ინდივიდუალურ და თანამშრომლობით პროექტებს. იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მოგვიანებით, თამარმა მიიღო სახვითი ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი გერით რითფელდის სამხატვრო აკადემიაში, ამსტერდამში, სადაც ცხოვრობს და მუშაობს 1998 წლიდან. ის არის 2003 წელს დაფუძნებული ხელოვანთა ინიციატივის - Public Space With A Roof (PSWAR) თანადამაარსებელი. 2007 წლამდე ეს ინიციატივა მუშაობდა, როგორც კვლევითი პროექტების სივრცე. PSWAR-ის პროექტები კვლევას ეფუძნება და თანამედროვე ხელოვნების შექმნის პროცესში არსებულ ძირითად შეკითხვებს პასუხობს. 2004 წლიდან PSWAR მუშაობს ფართომასშტაბიან პროექტებზე, არღვევს საზღვრებს იმ მრავალ როლს შორის, რომელთა შეთავსებაც დღეს ხელოვანებისგან მოითხოვება:  ხელოვანი-აქტივისტი; ხელოვანი-მენეჯერი; ხელოვანი-კურატორი. 2008 წლიდან PSWAR-ის პროექტები წარდგენილი იყო საერთაშორისო მასშტაბით, ისეთ ადგილებში, როგორებიცაა: ვენის Frederick Kiesler Foundation ავსტრიაში; Centre Pompidou-Metz საფრანგეთში. მისი ამჟამინდელი ნამუშევრები ეხება გენდერული პერსპექტივიდან დანახული ტრადიციის, რუტინისა და ჩაჩუმების საკითხებს. ის იყენებს ტრადიციულ არტეფაქტებსა და მეთოდებს (ხელოვნებიდან და რეწვიდან) და ცდილობს ისინი გარდაქმნას ისეთ ახალ ნარატივებად, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს იმ პოზიციებს, რომლებიც ჯგუფურ და პირად დონეზეა გაბატონებული. 2014 წელს, ანთროპოლოგ აგნეშკა დუდრაკთან თანამშრომლობით, მან განახორციელა კვლევითი პროექტი „საკუთარი სუფრა“, რომელიც საქართველოში ქალთა მიმართ გენდერულ ძალადობას შეეხებოდა. 2015 წელს ამ ნამუშევრის ნაწილი ნაჩვენები იქნა კიევის ბიენალეზე The School of Kiev და სტამბოლის მე-14 ბიენალეს პარალელურ პროგრამაზე Manifest Thought Form – A Route of Evanescence, გალერეაში Kuad (სტამბოლი). მისი გამოფენა, სახელწოდებით „მოსაჩითი ნიმუშების წიგნი“ 2016 წელს თბილისში, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა. ეს გამოფენა ყურადღებას ამახვილებდა იმ ქალთა „ყოველდღიურობის“ წარმოჩენაზე, ვინც სხვაგვარად შეუმჩნეველნი არიან.

 

  

 

გალერეა